აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 თებერვალს, ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს იქნება საბჭოს პირველი სხდომა ვაშინგტონში, სადაც ორგანიზაციის შტაბ-ბინაც განთავსდება. ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო ყველაზე პრესტიჟული ლიდერთა გაერთიანება იქნება, რაც კი ოდესმე შექმნილა“.
Bloomberg აღნიშნავს, რომ „მშვიდობის საბჭო“ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საბჭოს წევრების პირველი შეხვედრა ტრამპის ხელმძღვანელობით იანვარში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაახლოებით 20 ქვეყნის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი მუშაობს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის - „მშვიდობის საბჭოს“ - შექმნაზე, რომელიც, მისი ჩანაფიქრით, გაეროს ალტერნატივად უნდა ჩამოყალიბდეს. ორგანიზაციის წესდების პროექტის მიხედვით, იმ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოში მუდმივი წევრობის მიღებას ხელახალი არჩევნების გარეშე მოისურვებენ, ერთჯერადად 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევთ.
