logo
ENG



ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს სხვა ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს პატიმრობა

11 თებ 202620:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/11/ujjqrewxs3edtp1.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანსა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო.

საქმე, რომელიც სასამართლოში განიხილება, ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს ეხება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, რიკაძე, ჩიქოვანი, გაბაშვილი და სხვა პირები სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა არხის გამოყენებით, გოგონების სახელით უკავშირდებოდნენ წინასწარ შერჩეულ პირებს, გარეთ შეხვედრაზე იწვევდნენ და შეთანხმებულ დროსა და ადგილზე მათ თავს ესხმოდნენ. პროკურატურის მტკიცებით, ძალადობა ჯგუფურად ხორციელდებოდა და გამოიხატებოდა როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, რის გამოც სასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა სულ ოთხი პირი დააკავეს. ალექსანდრე გაბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. გიორგი რიკაძესა და კიდევ ორ არასრულწლოვანს თავდაპირველად ბრალად ედებოდათ დანაშაულის შეუტყობინებლობა (სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ბოლო ინფორმაციით, დაკავებულ ოთხ არასრულწლოვანს შორის ორს ბრალდება დაუმძიმდა. კერძოდ, დ.ჩ.-ს, რომელსაც თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, ახლა გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. რაც შეეხება ა.ნ.-ს, მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, რაც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა