სანქციები უკვე მოქმედებს და აშკარად ახდენს გავლენას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე. შესაბამისად, მათი სტრატეგიული გამოყენება შესაძლებელია საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის წასახალისებლად, - ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა საუბარი არა მხოლოდ რეგიონულ ჭრილში გავაგრძელო, არამედ შევეხო იმასაც, როგორ შეიძლება დაიწყოს ერთგვარი „გადატვირთვა“ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში. ჩემი პროფესიული გამოცდილება მოლაპარაკებებს უკავშირდება და ამ მიმართულებით საკუთარი ხედვის გაზიარება მსურს.
წელიწად-ნახევრის წინ აქვე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლებოდა შეერთებულ შტატებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მხარდაჭერა. მაშინ ბევრი სკეპტიკოსი ამტკიცებდა, რომ აშშ ვერაფერს შეცვლიდა, რომ კონფლიქტი ზედმეტად რთული იყო და ამერიკას რეგიონში პირდაპირი ინტერესი არ გააჩნდა. თუმცა მოვლენებმა სხვა რამ აჩვენა - ვიცე-პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი და პროცესებში აქტიური ჩართულობა ამის დასტურია.
დღეს შესაძლოა მსგავსად სკეპტიკური შეფასებები ისმოდეს საქართველოსთან დაკავშირებითაც. მე კი ვამტკიცებ, რომ საჭიროა პროაქტიური ჩართულობა აშშ-ის მხრიდან, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას და ურთიერთობები ახალი ეტაპისკენ წავიდეს.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძლიერი და აქტიური საზოგადოება ჰყავს. ქვეყანამ გადაიტანა სამოქალაქო ომი, რუსეთის შეჭრა, რევოლუციები და არაერთი მძიმე პერიოდი, თუმცა საზოგადოება ამ გამოწვევებიდან უფრო გამძლე და კონსოლიდირებული გამოდიოდა, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და რეგიონული წინსვლის მზაობით.
ამასთან, დღევანდელი კრიზისი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური არ არის. ბოლო ათწლეულებში არაერთხელ დადგა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგის საჭიროება. ზოგჯერ ეს რიგგარეშე არჩევნების გზით ხდებოდა, ზოგჯერ - ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების პირდაპირი მოლაპარაკებებით, ხოლო გარკვეულ ეტაპებზე - საგარეო მედიატორების ჩართულობით, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში ვიხილეთ წინა საპარლამენტო კრიზისის შემდეგ.
ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი გაკვეთილები გვასწავლა. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ვერანაირი პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ არ იარსებებს ძალაუფლებაზე თანაბარი წვდომის რეალური პერსპექტივა. პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ უსასრულოდ იმსჯელონ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე, ბარიერის დაწევაზე, პროცედურების რეფორმაზე და ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ექნება, თუ მმართველ ძალას არ აქვს ნება, რეალურად გაიზიაროს ძალაუფლება ან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლება მშვიდობიანად დათმოს.
არ არსებობს აზრი პოლიტიკური პროცესის დაწყებაში, თუ არ არის სარწმუნო გზა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის. ეს მართებულია როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა ვერ დამყარდება, თუ ისინი არ აჩვენებენ მზადყოფნას სამართლიანი პროცესისთვის, სადაც თეორიულად თავადაც შეიძლება წააგონ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი საქართველოს გამოცდილებიდან არის ის, რომ მსგავსი პროცესები ძლიერი საგარეო გარანტორის გარეშე ვერ ხერხდება. წარსულში ეს როლი ევროკავშირმა შეასრულა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას ბერკეტად იყენებდა. დღეს კი მმართველმა ძალამ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ გზის გაგრძელებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.
ამ ვითარებაში შეერთებული შტატები შეიძლება მნიშვნელოვანი აქტორი გახდეს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი შესაძლო ბერკეტია პროცესის წინსაწევად. სანქციები უკვე მოქმედებს და აშკარად ახდენს გავლენას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე. შესაბამისად, მათი სტრატეგიული გამოყენება შესაძლებელია საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის წასახალისებლად", - აღნიშნა ოლესია ვართანიანმა.
