logo
ENG



ილიაუნის სტუდენტები: ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, 15-ში, 15:00-ზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში

12 თებ 202620:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/12/k1dnkeaisk3j6mi.jpg

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ოცნების განათლების ე.წ. რეფორმის გაწვევას ითხოვენ. ამის შესახებ მათ უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.

სტუდენტები ასევე მოუწოდებენ პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტონ პროგრამების გაუქმების საკითხი.

ამასთან, სტუდენტებმა კვირას, 15 თებერვალს დედაენის ბაღში, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

"დღეს ქართულმა ოცნებამ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრავლესობა, მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად, ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას, ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრფავის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს.

აქ შეკრებილი სტუდენტები ერთხმად ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოვუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისაკენ. არ შეცვალოთ არსებული კურუკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი.

სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენს უკან კი არიან ჩვენი ოჯახები, მშობლები და საქართველოს წარსული. ჩვენ პირველ რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები, შესაბამისად, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს, ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში, დედაენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების წინააღმდეგობის ძალასა და ერთობას.

ძალა სტუდენტების ერთობაშია! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!", - აცხადებენ სტუდენტები.

***

დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „ერთი ქალაქი -ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მოგვიანებით, ქართული ოცნების განათლების სამინისტრომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტები გამოაქვეყნა. 

მათი მტკიცებით, კვოტები განაწილდა "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

სტუ - საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ - მედიცინის სპეციალობები ილიაუნი - პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი - შესაბამისი სპეციალობები

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები - მრავალფუნქციური სპეციალობები

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები - აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა


close დახურვა