logo
ENG



ილიაუნის განათლების სკოლა: მოვითხოვთ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც არაკონსტიტუციურია

13 თებ 202617:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/13/7sx7n2c80tcjxh7.png

ილიაუნის განათლების სკოლა მოითხოვს ქართული ოცნების მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების კვოტები უმცირდება.

განცხადება ილიაუნის განათლების სკოლის წარმომადგენლებმა წაიკითხეს. მათი განცხადებით, რეფორმა სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას და ის არაეროვნული და არაკონსტიტუციურია.

"როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.

განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის. განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით. მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია. ერთობისკენ მოვუწოდებთ უნივერსიტეტებს, რომ დავიცვათ საქართველოს აკადემიური საზოგადოების ღირსება და ქვეყნის მომავალი"- ნათქვამია განცხადებაში.

12 თებერვალს ქართული ოცნების განათლების სამინისტრომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტები გამოაქვეყნა. 

მათი მტკიცებით, კვოტები განაწილდა "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

სტუ - საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ - მედიცინის სპეციალობები ილიაუნი - პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი - შესაბამისი სპეციალობები

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები - მრავალფუნქციური სპეციალობები

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები - აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა.


close დახურვა