მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ სერიოზულად აღიქვამს ევროპული ქვეყნების განცხადებას, რომლის მიხედვითაც ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში ეპიბატიდინით მოწამლეს. სახელმწიფო მდივანმა ეს კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა ბრატისლავაში.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონი უკვე იცნობს აღნიშნულ ინფორმაციას და მას შემაშფოთებლად მიიჩნევს.
„ჩვენთვის ცნობილია ეს განცხადება. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. კარგად ვიცით ბატონი ნავალნის საქმე და არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ამ დასკვნაში,“ – განაცხადა მან.
სახელმწიფო მდივანმა ასევე განმარტა, რატომ არ გახდა აშშ ერთობლივი განცხადების მონაწილე. მისი თქმით, ინიციატივა ევროპულ სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ და არა ვაშინგტონს.
„ეს მათი გადაწყვეტილება იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით შედეგებს. უბრალოდ, აღნიშნული განცხადება ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ზოგჯერ ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ საკუთარი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე,“ – აღნიშნა რუბიომ.
მისივე თქმით, აშშ არ აპირებს ამ საკითხზე უთანხმოების გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შეფასებებს არ ეწინააღმდეგება.
14 თებერვალს დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ. მათი შეფასებით, ნავალნი მოწამლეს ეპიბატიდინით - ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებით, რომელიც გარკვეული სახეობის ბაყაყის შხამში გვხვდება. აღნიშნულ დასკვნამდე მკვლევრები მივიდნენ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერის ბიოლოგიური ნიმუშები შეისწავლეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ბრალდებებს „საინფორმაციო კამპანიას“ უწოდებს და მათ სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
