საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები არსებითად განსახილელად არ მიიღო, ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის წარდგენები პირველად არ მიიღო არსებითად განსახილველად.
"საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში 2025 წელს განხორციელებული ცვლილებების (განმეორებისას, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოსამართლის ვალდებულება პირს შეუფარდოს მხოლოდ პატიმრობა, არანაკლებ მაქსიმალური ვადის ნახევრისა) კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებული მისი წარდგინებების არსებითად განსახილველად არ მიღების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები იმ საფუძვლით, რომ „სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, ის კვლავ გააგრძელებს სამართლიან, მიუკერძოებელ და კანონის საფუძველზე დამყარებულ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
***
2024 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
მოგვიანებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა, რომ მან ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საკუთარი სამოსამართლეო ფიცის, კანონის უზენაესობასა და არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო.
