logo
ENG



MHMA: ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ჩანაცვლება შეუძლებელია

17 თებ 202619:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/17/8k1u7osrgh242qv.jpg

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ქართული ოცნების ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ სიახლეებს ეხმაურებიან.

ისინი აცხადებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა არ არის ზოგადი ფსიქოლოგიის კურსი და მისი ჩანაცვლება სხვა პროგრამებით შეუძლებელია.

კურსდამთავრებულების თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირების ქმედება ცხადყოფს, რომ მათ ფუნდამენტურად არ ესმით, რას ანადგურებენ.

განცხადება სრულად:

"ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის (ფსიქოტრავმატოლოგიისა და სოციალური ფსიქიატრიის მიმართულება) კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ვეხმაურებით “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ ე.წ. განათლების რეფორმას. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი არ წარმოადგენს ხარისხის გაუმჯობესების მცდელობას, არამედ არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარება. სწორედ ამ პროცესს ეწირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების 92% - მათ შორის ჩვენი მიმართულებაც.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების - ნინო მახაშვილისა და ჯანა ჯავახიშვილის თავდაუზოგავი შრომით. მათ, უცხოელ კოლეგებთან და დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში უდიდესი რესურსი ჩადეს და ათწლეულები მიუძღვნეს. პროგრამა თავისი მოდელით, შინაარსითა და ღირებულებებით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ტრავმა ინფორმირებული და ტრავმაზე ფოკუსირებული მიდგომებით. ქვეყანაში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჰყავს ათასობით დევნილი, ომგამოვლილი და ძალადობის მსხვერპლი ადამიანი, ამ ცოდნის წყაროს დახურვა ნიშნავს ერთადერთი სივრცის განადგურებას, სადაც იზრდება თანამედროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები და ამ სფეროს მომავლის საყრდენი საქართველოში.

საქართველომ აიღო საერთაშორისო ვალდებულება, განახორციელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა და გადავიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებულ, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მოდელზე, რაც მოითხოვს სოციალური ფსიქიატრებისა და ფსიქოტრავმის სპეციალისტების მომზადებას, რომელსაც ეს პროგრამა უზრუნველყოფს. მისი გაუქმებით, სახელმწიფო რეალურად ახორციელებს საკუთარივე რეფორმის საბოტაჟს, რადგან სერვისების განვითარება კვალიფიციური კადრების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი პროგრამა ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკას. მისი გაუქმება გზას უხსნის მოძველებული, სტიგმაზე დაფუძნებული და მხოლოდ სამედიცინო მოდელის დომინაციას, რაც ათწლეულებით უკან დახევს ქვეყანას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა არ არის ზოგადი ფსიქოლოგიის კურსი და მისი ჩანაცვლება სხვა პროგრამებით შეუძლებელია. გადაწყვეტილების მიმღები პირების ქმედება ცხადყოფს, რომ მათ ფუნდამენტურად არ ესმით, რას ანადგურებენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობისა და შეფასების გარეშე მიიღეს. აკადემიური პროგრამების ასეთი მასშტაბური გაუქმება ცხადყოფს, რომ განათლების პოლიტიკა აღარ ემსახურება ქვეყნის რეალურ საჭიროებებსა და განვითარების სტრატეგიას, არამედ მისი მიზანი პოლიტიკური კონტროლის დამყარებაა საგანმანათლებლო სივრცეზე.

ჩვენი მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია:

- დაუყოვნებლივ შეჩერდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განადგურების პროცესი.

- გამოქვეყნდეს ის კვლევა ან ექსპერტული დასკვნა, რომლის საფუძველზეც დადგინა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა “ზედმეტია”. თუ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერების სია


close დახურვა