logo
ENG



სუს-ში ადასტურებენ, რომ ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა

18 თებ 202619:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/18/fa3x7bkn97fk4h5.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ქართული ოცნების ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება.

ცოტა ხნის წინ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ფორმულა ლევან დავითაშვილს დაუკავშირდა. მან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანა დატოვა, "სპეკულაცია" უწოდა.

გუშინ, 17 თებერვალს ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

სუს-ში გამოკითხვაზე ლევან დავითაშვილთან ერთად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს საქართველოს გაზმომარაგების საკითხი. მისივე თქმით, ამ საკითხზე სუს-ს "ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია" მიაწოდეს.

მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.

მათ თქვეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.


close დახურვა