logo
ENG



ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

18 თებ 202619:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/18/mfnwzcipq4m8g77.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურის თანახმად, ბუსა ჟვანია საქართველოში არ იმყოფება და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს.

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია.

გურამ და დავით კაკულიები სისხლის სამართლის სხვა საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.

უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.

პროკურატურის განცხადება - სრულად

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

2 თებერვალს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და მსჯავრდებულები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კავილაძეს კი 16.


close დახურვა