logo
ENG



ფიშერი: EU-ის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც

24 თებ 202612:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/24/3ltvqdpk5bo8edx.png

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერი-მა, დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი.

როგორც ელჩმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფარგლებში განმარტა, საკანონმდებლო წინადადებას თან ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულებების პაკეტიც. პეტერ ფიშერის თქმით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტის მიღება ვერ შეძლო უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო.

„გუშინ ევროკავშირში უნდა მიგვეღო სანქციების მე-20 პაკეტი, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო და მოიცავდა ახალ ზომებს რუსული ნავთობის წინააღმდეგ, იმ პორტების წინააღმდეგ, რომლებიც იღებენ რუსულ ნავთობს, ასევე იმ პორტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს იღებენ. ეს პაკეტი ვერ მივიღეთ, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს.

საქართველოსთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია თავის მოკავშირედ, რომელიც, როგორც ამბობენ, უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში - კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება!

ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე და მინდა გითხრათ, რომ სასანქციო პაკეტში იყო ყულევის პორტიც. ეს იყო ევროკავშირში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. ის ასევე ამ ორი ქვეყნის - უნგრეთისა და სლოვაკეთის - მიერ დაიბლოკა. როდესაც ევროკავშირში სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება მზადდება, მას თან ერთვის მტკიცებულებების პაკეტი. ჩვენ უბრალოდ არ ვამბობთ - იცით, ყულევში შეიძლება რაღაც ხდება და მოდი, დავასანქციროთ. არა - ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულებების პაკეტს, და როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობდა როგორც საკანონმდებლო წინადადება, ისე მტკიცებულებების პაკეტიც“, - განაცხადა ელჩმა.


close დახურვა