პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარუდგინა.
პუბლიკას საქმის გამომძიებელმა უთხრა, რომ ბრალის წარდგენა მოხდა დღეს, 5 მარტს. შეკითხვაზე, როდის მიმართავენ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე - პუბლიკას უპასუხეს, რომ აღნიშნულს "პროკურორი გადაწყვეტს".
მისივე ცნობით, საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.
ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა.
პუბლიკას ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. ამავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი - მას უცნობმა პირმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
