Reuters წერს, რომ აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა. სააგენტოს თანახმად, საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში იქნება დახურული.
5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა - ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას".
აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".
ირანმა იერიში უარყო და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ირანი "მეზობელ ქვეყნებს არ უმიზნებს".
