აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, ფორმულას სახელმწიფო დეპარტამენტში უთხრეს, რომ “განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”.
ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტს შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა იქამდე გაუგზავნა, ვიდრე ვიზიტი გაიმართებოდა, თუმცა, სახ.დეპმა პასუხი ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ დაგვიბრუნა.
“ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც რჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე.
ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”, - პასუხობენ ფორმულას სახ.დეპში.
ქართული ოცნების პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. სამთავრობო მედია TV Imedi-მა დაწერა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები - ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა - "კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მოწვევით" ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან, რომელსაც სახელად - "სუვერენული ერების ალიანსი" ჰქვია.
ანა პაულინა ლუნა - რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარების წინააღმდეგია და მხარს უჭერს რუსეთ-აშშ-ის შორის "სამშვიდობო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას". ის მუდამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას - ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში კონგრესმენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა.
4 მარტს ქართული ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა.
