თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური ტიპის რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განთავსებული ნატოს თავდაცვის სისტემების ჩარევის შედეგად დასრულდა და რაკეტა წარმატებით იქნა განეიტრალებული.
რაკეტის ნაწილები თურქეთის ქალაქ გაზიანთეპის ტერიტორიაზე, დაუმუშავებელ მიწაზე ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი ან დაშავებულები არ მოჰყოლია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ თურქეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეზე შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ იქნება მიღებული.
