რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრებიდან განდევნას ცდილობს. მის განცხადებას, რომელიც მან Al Arabiya-სთან ინტერვიუში გააკეთა, რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო TASS ავრცელებს.
კერძოდ, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრებიდან განდევნას აშშ - "თანამშრომლობის შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად" ცდილობს.
ამ კონტექსტში მან ახსენა აშშ-ის მიერ ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელიც მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ალასკის სამიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ "მოულოდნელად გამოაცხადა".
"თუ ამერიკელები გულწრფელად გვეუბნებოდნენ: "მოდით, დავარეგულიროთ უკრაინის საკითხი და დავიწყოთ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა" - ამ დროისთვის ისინი ცდილობენ, ჩვენ მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრებიდან გაგვაძევონ", - ამბობს სერგეი ლავროვი.
საგარეო მინისტრი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზია "აშშ-ის მცდელობა, მიაღწიოს გლობალურ დომინირებას ყველა სფეროში".
ამ ყველაფრიდან გამომდინარე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასკვნა, რომ "არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ აშშ მზად არის რუსეთის ინტერესების პატივისცემისთვის, მიუხედავად თანამშრომლობის სურვილზე გაკეთებული განცხადებებისა".
ის ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთის ენერგეტიკული ბაზრებიდან განდენვის შემდეგ, აშშ შესაძლოა ერთობლივი პროექტების შეთავაზებებით გამოვიდეს, თუმცა, რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად.
სერგეი ლავროვის აზრით, მსგავსი მიდოგმა საერთაშორისო ურთიერთობებს აბრუნებს იმ ეპოქაში, როდესაც აშშ-ის ინტერესები - "ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებაში ჭარბობდა".
