დასავლური მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრ სლოვენიაში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნები ისე დასრულდა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიუღია საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში ერთპიროვნული უმრავლესობის დასაკომპლექტებლად.
90-მანდატიანი საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებისთვის 22 მარტს ჩატარებული კენჭისყრის თითქმის სრულად დათვლილი შედეგების მიხედვით (99%-ზე მეტი), მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რობერტ გოლობის სოციალ-ლიბერალურმა პარტიამ "მოძრაობა თავისუფლება" დაახლოებით 28.5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა - მემარჯვენე "დემოკრატიული პარტია" - ოდნავ ნაკლები, დაახლოებით 28.2%.
ოპოზიციური ბლოკის ლიდერი, ყოფილი პრემიერი იანეზ იანშა, ცნობილია როგორც ვიქტორ ორბანის ახლო პარტნიორი და დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ხედვებთან დაახლოებული ფიგურა. მან პრემიერის პოსტი 2022 წელს სწორედ გოლობს დაუთმო, მას შემდეგ რაც არჩევნებში გამარჯვებულმა "მოძრაობა თავისუფლებამ" სოციალ-დემოკრატებთან და მემარცხენე ძალებთან ერთად კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა.
სლოვენიის პარლამენტში კონტროლის მოსაპოვებლად საჭიროა მინიმუმ 46 მანდატი, რაც ვერცერთმა პარტიამ დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყო. ამავე არჩევნებში 5%-იანი ბარიერი კიდევ შვიდმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, რის გამოც ახალი მთავრობის ფორმირება სწორედ მათ შორის მოლაპარაკებებსა და კოალიციურ შეთანხმებებზე იქნება დამოკიდებული.
