კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ოფიციალური წერილით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს და სთხოვს მათი სტუდენტის და ჟურნალისტის მარიამ ძიძარიას მიმართ შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება .
მარიამძიძარია "ნეტგაზეთის" ჟურნალისტია, მას შსს ედავება "შაბათის მარშის" დროს გზის სავალ ნაწილზე გადასვლას, ტეგაზეთი აღნიშნავს, რომ ძიძარია ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ანუ აშუქებდა მარშს და თან ჰქონდა ჟურნალისტობის დამადასტურებელი ყველა ნიშანი.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თორნიკე კაპანაძეს
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გვსურს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მედიის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტ მარიამ ძიძარიას, რომელსაც შსს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას იმ მომენტში, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას.
მასალები მიუთითებს, რომ შსს-ს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების მომენტში მარიამ ძიძარიას ჰქონდა მედიის ყველა ამომცნობი ნიშანი – ვიზუალური მასალით დასტურდება, რომ ის იყო არა აქციის მონაწილე, არამედ – მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გამშუქებელი ჟურნალისტი.
მარიამი არის ძალიან კარგი სტუდენტი, მას ადმინისტრაცია და ლექტორები ვახასიათებთ, როგორც გამორჩეულ ახალგაზრდას. სტუდენტს, მაღალი მოსწრებისა და მისი ინტერესის გათვალისწინებით, გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორ მედიაორგანიზაცია – "ნეტგაზეთში" სტაჟირებისთვის. პროცესს მარიამმა წარმატებით გაართვა თავი და აღნიშნული მედიასაშუალების რეპორტიორი გახდა. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციული წესით სასამართლოში დღეს ის სწორედ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო არის წარდგენილი.
მიგვაჩნია, რომ თუკი მარიამ ძიძარია "გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის" მაინც დაისჯება, ეს შექმნის მძიმე პრეცედენტს არა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის, არამედ ზოგადად, მედიისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტის საქმეზე სასამართლო მიიღებს სამართლიან და კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია განცხადებაში
მარიამ ძიძარიას სასამართლო პროცესი 27 მარტს, 16 საათზეა ჩანიშნული.
