Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების ბრძანება გასცა.
Reuters-ის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით 17 აშშ დოლარით, ანუ 15%-ით დაეცა და სესიის მინიმუმი, ბარელზე 96 აშშ დოლარი შეადგინა, აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი 13 აშშ დოლარით, დაახლოებით 13.5%-ით, 85.28 აშშ დოლარამდე შემცირდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანთან "ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების" შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ხუთი დღის ვადით გადადება დაავალა.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ აშშ-სა და ირანს ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათისა და ტონის საფუძველზე, რაც ამ კვირაშიც გაგრძელდება, დავავალე ომის დეპარტამენტს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი და ყველა სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით", - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მანამდე, 21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის "სრულად გახსნა" მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა.
ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებითდაიმუქრა.
