საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
განცხადების მიხედვით, საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს, რომ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ მას შემდეგ არცერთი ნაკრების მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ გამართავენ პრესკონფერენციას და უპასუხებენ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს.
"ჩვენ სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს. გულშემატკივრის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, არცერთი ნაკრების მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს WADA-სთან და მსოფლიო რაგბისთან. მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის, პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან.
სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია. ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს. დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ, გავმართავთ პრესკონფერენციას და ვუპასუხებთ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს" - ვკითხულობთ განცხადებაში
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრის მხრიდან.
