ამ დღეებში საზოგადოებაში რაც ვნახეთ, ეს ერთსულოვნება, ძალიან საშურია, რომ იყოს შენარჩუნებული. სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, ამ მოვლენიდან რაიმე პროცესი პოლიტიკურ შეფასებში გადაიტანოს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„სირცხვილია უბრალოდ ამ დღეებში საკამათო თემების ძალით მონახვა, რომ კიდევ ხელოვნურად მოხდეს მოსახლეობის დაყოფ სხვადასხვა მხარედ. ამიტომ სასურველი იქნება, არც წამოიწიოს ეს თემები და ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აყვება წვრილმანებს. პატრიარქისადმი ჩვენი პატივის მიგება იქნება, რომ ნუ ავყვებით მეორად თემებს, რომლებსაც მოაქვს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ წყაროსთან, ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში და ანდერძით ნუ დაინტერესდებოდნენ.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო – გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
