logo
ENG



СБУ: უკრაინის წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი დავაკავეთ

25 მარ 202610:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/25/iqzhlvn4nta1lle.jpg

უკრაინის კონტრდაზვერვამ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის, ზოლტან ანდრეს, ჯაშუშური საქმიანობა გამოააშკარავა. გამოძიების მასალებით, ოფიცერი წლების განმავლობაში დიპლომატიურ საფარქვეშ აგროვებდა სტრატეგიულ ინფორმაციას ჯერ საქართველოში, შემდეგ - უკრაინაში.

ანდრეს კარიერა საქართველოდან იწყება, სადაც ის 2016-2020 წლებში უნგრეთის საელჩოს პირველი მდივნის პოზიციაზე მუშაობდა. მისი კვალი ქართულ სახელმწიფო დოკუმენტებშიც ჩანს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ დიპლომატიური სტატუსი მისთვის მხოლოდ საფარი იყო სადაზვერვო მისიის შესასრულებლად.

უკრაინის კონტრდაზვერვის გამოძიების მასალების თანახმად, სამხრეთ კავკასიიდან წასვლის შემდეგ ოფიცერი უკრაინის წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩაერთო. ევალებოდა დასავლეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების პოვნა და მათი ზუსტი ლოკაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. გარდა ამისა, მას დავალებული ჰქონდა ახალი კადრების მოძიება და გადაბირება ძალოვანი სტრუქტურებიდან. ოპერაციისთვის ის უნგრეთის საკონსულოებსაც იყენებდა. ამუშავებდა პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მოქალაქეობის მისაღებად იგზავნებოდა, შემდეგ კი შერჩეულ პირებს ფინანსურ სარგებელსა და შეღავათებს ჰპირდებოდა.

დაზვერვის მთავარი ინტერესი ზაკარპატიის რეგიონი იყო. ჯაშუშური ქსელი სწავლობდა არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ ადგილობრივების განწყობებსაც. კერძოდ, უნგრულ მხარეს აინტერესებდა, რამდენად მისაღები იქნებოდა მოსახლეობისთვის რეგიონში უნგრეთის ჯარების შესაძლო შესვლა.


close დახურვა