logo
ENG



2028-29 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები ორმაგდება

25 მარ 202614:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/25/rq2767wzujq5e2d.jpg

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები გაორმაგდება - „ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა გაიზრდება. სიახლე იმ მოსწავლეებს ეხებათ, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.

ცვლილება მაგისტრატურის საფეხურსაც  შეეხება - ვინაიდან საბაკალავრო სასწავლო პროგრამების უმეტესობა 3-წლიან მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობაც გაიზრდება.

 „შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის“, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ე.წ. განათლების რეფორმაში შეტანილი ცვლილებები "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის, ხელმოწერით დღეს გამოქვეყნდა.


close დახურვა