უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვის საპასუხოდ, ამერიკელი სენატორები ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტს ამზადებენ.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს და წერს, რომ სენატორები დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ტომ ტილისი, კანონპროექტის წარდგენას უკვე ამ კვირაში გეგმავენ.
მიღების შემთხვევაში, კანონი "პუტინის დაბლოკვის აქტი" [Block Putin act] აშშ-ის პრეზიდენტს დაავალდებულებს დააწესოს ფინანსური სანქციები და სავიზო აკრძალვები უნგრეთის მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაში, ასევე მათ მიმართ, ვინც უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც უნგრეთმა კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა დაბლოკა, საპასუხოდ ევროკომისიამ უნგრეთს 16 მილიარდი ევროს სესხის გეგმის დამტკიცება შეუჩერა.
იქამდე უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, ვიდრე კიევი მილსადენ დრუჟბას გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი 20 მარტს აღნიშნა, რომ, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირი გამონახავს გზებს, რომ უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გადასცეს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ, თუმცა უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარე ამის მიზეზად ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმას ასახელებს, სლოვაკეთი და უნგრეთი კიევს ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
