logo
ENG



ბრიტანული სანქციების შემდეგ, BBC Studios-მა იმედს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა

27 მარ 202617:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/27/v3kus5ae2ce4o76.png
"ფორმულას" ინფორმაციით, BBC Studios-მა დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ იმედის ტელევიზიას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა.
 
ლიცენზიის შეწყვეტის წერილი "იმედს" 27 თებერვალს გაუგზავნეს.
 
ფორმულა კომენტარისთვის ტვ "იმედის" გასართობი გადაცემების მთავარ პროდიუსერ, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვას პასუხი არ გასცა.
 
"ვინ ბრძანდებით, წარმოადგინეთ თქვენი თავი, კითხვას რომ მისვამთ. იქნებ ყველას არ ველაპარაკები. ცოტა გვიან დამირეკეთ, რა, უდროო დროს მირეკავთ", - უთხრა მან ფორმულას ჟურნალისტს.
 
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, არსებობს "საფუძვლიანი ეჭვი", რომ "იმედი" და POSTV ავრცელებდნენ "განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას" რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც, ლონდონის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, აღნიშნული ტელეკომპანიები რეგულარულად ავრცელებდნენ ნარატივებს, რომელთა თანახმად:

  • უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი არალეგიტიმურია;
  • უკრაინა "დასავლეთის მარიონეტია";
  • უკრაინა კორუმპირებული სახელმწიფოა;
  • უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.

ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, მსგავსი შინაარსის გავრცელება წარმოადგენს ქმედებას, რომელიც "უჭერს მხარს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის".


close დახურვა