საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პატრიარქის არჩევის პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე, არამედ გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი ხმათა უმრავლესობით, ეკლესიის მართვა-გამგეობის სრული წესის დაცვით.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამგლოვიარო დღეები ჯერ არ გასულა, არ გასულა 40 დღე. კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებული ფიგურა იყო და განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მასთან.
წინ გვაქვს უცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკურსი და ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. აუცილებელია ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა. პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი. სწორედ, სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც წარიმართება ზედმიწევნითი დაცვით ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობისა" - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მანამდე, ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), თავის გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა. "ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები" - თქვა გაჩეჩილაძემ.
მეუფე ისაიას თქმით, მეუფე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნაზე არავისთან უსაუბრია. მისი პოზიცია ნეტგაზეთმა გაავრცელა.
ნეტგაზეთის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე არავისთან უსაუბრია.
