logo
ENG



უცნობის თქმით, ნერვებმა ვეღარ გაუძლო და სინოდზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის

28 მარ 202609:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/28/53h0tvjsu8b1m1o.png

ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ბოდიში მოიხადა თავის გადაცემაში წმინდა სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო და განმარტა, რომ ნერვებმა ვეღარ გაუძლო. 

მისივე თქმით, განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს ყველა მეუფეს და არ აქვს უფლება მათ ნებაში ჩაერიოს. 

მან ასევე ბოდიში მოუხადა მეუფე ისაიას და განაცხადა, რომ მისი სიტყვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

"ნერვებმა ვეღარ გამიძლო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ თქვენც, მაყურებელსაც. ვეღარ გამიძლო ნერვებმა იმიტომ, რომ არ მოველოდი ამას, ასე უცბად, უწმინდესი არც იყო დაკრძალული ჯერ, რომ ეს ლაპარაკები ტელევიზიიდან გავიგე და ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეც ამ თემებზე მელაპარაკა, მოწიწებით მინდა მოვიხსენიო ყველა მეუფე და რა თქმა უნდა, მე მათ ნებაში ვერ ჩავერევი, მაგრამ მეც და ჩვენც, ყოველშემთხვევაში რასაც მე უწმინდესის გვარდიას ვუწოდებ, იმ ადამიანებს, ვინც დიდი ტკივილით დაიტირა უწმინდესი მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის მოსაზრება გამეჟღერებინა, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც არ მომიწონა ეს ამბავი, ესენი ჩემთვის უახლოესი და უძვირფასესი ადამიანები არიან.

პირველ რიგში, მეუფე ესაიას წინაშე მინდა დიდი მოკრძალებით ბოდიში მოვიხადო იმიტომ, რომ ჩემი გამონათქვამების შემდეგ, ეს გიენები, ჟურნალისტებს რასაც ვეძახით, მიესივნენ და ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ასეთი ამბები გამოვიწვიე, მაგრამ ღმერთმა იცის მე ტყუილი არაფერი არ მითქვამს, ვერც და არ დავასახელებ მოღვაწეს, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თუმცა, ბოდიშს მოგიხდით ყველას", - თქვა უცნობმა.

მანამდე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პატრიარქის არჩევის პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე, არამედ გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი ხმათა უმრავლესობით, ეკლესიის მართვა-გამგეობის სრული წესის დაცვით.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამგლოვიარო დღეები ჯერ არ გასულა, არ გასულა 40 დღე. კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებული ფიგურა იყო და განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მასთან.

წინ გვაქვს უცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკურსი და ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. აუცილებელია ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა. პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი. სწორედ, სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც წარიმართება ზედმიწევნითი დაცვით ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობისა" - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), თავის გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა.

"ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები" - თქვა გაჩეჩილაძემ.

მეუფე ისაიას თქმით, მეუფე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნაზე არავისთან უსაუბრია. მისი პოზიცია ნეტგაზეთმა გაავრცელა. ნეტგაზეთის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე არავისთან უსაუბრია.


close დახურვა