შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან.
შსს-ს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი მოქალაქეებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა - 1977 წელს დაბადებულმა დ.ი-მ, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ასევე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების: გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა. აღნიშნული გადაცდომის შედეგად, მომსახურების სააგენტოს მიერ სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების - გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
