საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს კიდევ ერთ ეპიზოდზე - 2025 წლის 4 მაისს მომხდარ ტერორისტულ აქტზე - ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ელისაშვილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ის, სახეზე ნიღბით, 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე მივიდა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა ნაწილში, სადაც არქივი არის განთავსებული. ბრალდებულმა თავდაპირველად სავენტილაციო მილზე ასვლით სცადა ფანჯრის გაღება, თუმცა ვერ შეძლო. ამის შემდეგ კიბეებზე ჩამოვიდა და სარკმლიდან არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი ანთებული ნივთიერება, რამაც ხანძარი გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით ელისაშვილი კვლავ მიუახლოვდა სხვა ფანჯარას, რომელიც მეორე არქივის ოთახთან მდებარეობდა, ავიდა სავენტილაციო მილზე და ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა როგორც შენობის გარე ფასადზე, ისე არქივში, სადაც ინახებოდა ასობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას, ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას, რამაც გამოიწვია სერიოზული ქონებრივი ზიანი. ამასთან, საფრთხე შეექმნა იმ დროს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამ თანამშრომელს.
ელისაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა უახლოეს ვადებში სასამართლოს მიმართავს წინასასამართლო სხდომის დასანიშნად.
ცნობისთვის, ალექსანდრე ელისაშვილს უკვე აქვს წარდგენილი ბრალდება 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის საქმეზე და ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
