სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს.
სუს-ის განცხადებით, კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ერთი პირი დააკავეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
აღნიშნულ საქმეზე სასჯელი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს.
იგი აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან, საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
