ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინასთან ერთად, კიევსა და ბუჩაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უნგრეთი არ შეუერთდა.
განცხადებაში მონაწილე ქვეყნებმა პატივი მიაგეს ბუჩაში და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსეთის ოკუპაციის პერიოდში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ აუცილებელია რუსეთის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება საერთაშორისო სამართლის დარღვევებისთვის.
დოკუმენტში საუბარია ომის დანაშაულებზე, მათ შორის მასობრივ მკვლელობებზე, წამებაზე, სექსუალურ ძალადობასა და იძულებით დეპორტაციებზე, და ხაზგასმულია, რომ ამ ქმედებებზე რეაგირება და სამართლებრივი პასუხი აუცილებელია.
მონაწილე ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია პასუხისმგებლობის გარეშე.
განცხადებას ხელი მოაწერეს ევროკავშირის უმრავლესმა წევრებმა და უკრაინამ.
