საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა პარასკევს წმინდა სინოდის სხდომა მოიწვია.
მათივე ცნობით, სხდომის მიზანია „საორგანიზაციო თემების განხილვა“.
"ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. მოქმედი დებულების თანახმად, ახალ პატრიარქს ირჩევს წმინდა სინოდი - ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს კოლეგიური პრინციპით იღებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების თანახმად, ახალი, 142-ე პატრიარქი 17 მაისამდე უნდა აირჩიონ.
