logo
ENG



შსს: დავაკავეთ 7 პირი, მათ დაზარალებულები გაიტაცეს და იარაღით ემუქრებოდნენ

03 აპრ 202610:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/03/bl6k9hzk1vznbm2.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები რუსეთის მოქალაქეებთან მოტყუებით ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ, ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 2 000 დოლარი, მობილური ტელეფონები და ლეპტოპი წაართვეს. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დამატებით 300 000 აშშ დოლარს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მიმართულებით წაიყვანეს.

სამართალდამცველებმა შვიდივე პირი მარნეულსა და გორში აიყვანეს. ხოლო, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას გულისხმობს. მუხლი 14 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა