logo
ENG



დღევანდელ სინოდზე გაირკვევა, ვინ შეძლებს საპატრიარქო კანდიდატურის დაყენებას

03 აპრ 202611:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/03/wybphl8u2h1h1fd.jpg

დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება, რომელზეც საორგანიზაციო საკითხებსა და მართვა-გამგეობის დებულებათა ცალკეული მუხლების ინტერპრეტაციაზე იმსჯელებენ. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ კრიტერიუმების - ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხის - საბოლო განსაზღვრა იქნება, რომელთა საფუძველზეც გავიგებთ, სინოდის რომელ წევრებს ექნებათ საპატრიარქო კანდიდატად დადგომის უფლება. სინოდის სხდომა, რომელიც სამ კანდიდატს გამოარჩევს, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ადასტურებს, რომ დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის შესაძლოა, იყოს ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხის განსაზღვრა-მოწესრიგება. 

"3 კანდიდატის გამოცხადება შემდეგ სინოდზე მოხდება, მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან კანდიდატებს. დღეს მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის შესაძლოა ამაზე [ასაკობრივ ცენზსა და განათლებაზე] იყოს მსჯელობა" - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ილიამ მეორემ წმინდა სინოდის წევრთა შორის ოთხი მიტროპოლიტი სიცოცხლეშივე გამოარჩია და ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ეს ჯილდო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებაა. ეს უფლება დღეს სინოდის ოთხ წევრს აქვს - მიტროპოლიტ შიო მუჯირს,  რომელიც მოსაყდრედ დადგენის შემდეგ დაჯილდოვდა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს  და ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას. მიტროპოლიტი დანიელი ახლა 70 წლისაადა 71 წლის მაისის თვეში ხდება. დებულების ასაკობრივი შეზღუდვის ინტერპრეტაცია განსაზღვრავს მიეცემა თუ არა მას კანდიდატობის უფლება. ასევე გასარკვევია განათლების სპეციფიკური ცენზით შეზღუდვა შეეხება თუ არა მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას.

სინოდი, მღვდელმთავართა ერთობა, დღეის მონაცემებით, 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. მომავალი კათოლიკოსი ერთ-ერთი მათგანი იქნება. ჯერჯერობით, ყველაზე გამოკვეთილი კანდიდატია შიო მუჯირი, ილია მეორის სიცოცხლეშივე მისი მოსაყდრე. არჩევნებზე მას ორი კონკურენტი ეყოლება. ახალი პატრიარქი სამი კანდიდატურიდან ირჩევა. გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა.


close დახურვა