logo
ENG



ალიევის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივ ინვესტირებას განიხილავენ

06 აპრ 202615:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/06/46a8cvrc8d1k47m.png

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივ ინვესტირებას განიხილავენ, ამის შესახებ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუმცა კონკრეტული ქვეყნები და პროექტები არ დაუსახელებია.

"ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრების დაურღვევლობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც. ეკონომიკურ სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე გადავხედე საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს – ქვეყანაში მილიარდობით დოლარი იხარჯება, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტალის მაჩვენებლები გვაძლევს ამის იმედს. წლის ბოლოსთვის რამდენიმე მილიარდს გადავაჭარბებთ. საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას, ბიზნესგარემოს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს. 3.6 მილიარდი დოლარია უკვე ჩვენი ქვეყნიდან საქართველოში ინვესტირებული. დღეს საუბარი გვქონდა ახალ საინვესტიციო პროექტებზე როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა, ჩვენ მესამე ქვეყნებში საერთო ინვესტიციები განვიხილოთ. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი მასშტაბზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე", – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

"ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ფურო მეტად განვითარდება, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. ამაში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც პირადად თქვენ შეგაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და განვითარებაში", -განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი არიან.


close დახურვა