"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, თბილისში „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობისთვის სახელმწიფო ექსპროპრიაციას განახორციელებს და საკუთრებას 5 მოქალაქეს ჩამოართმევს.
გადაწყვეტილება ეხება იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე უძრავ ქონებებს, რომლებიც პროექტის არეალში ექცევა. საუბარია საცხოვრებელ ფართებსა და სხვენებზე, რომლებიც რამდენიმე მესაკუთრეს ეკუთვნის. მიუხედავად მოლაპარაკებებისა, აღნიშნულ პირებთან ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც სახელმწიფომ ექსპროპრიაციის მექანიზმის გამოყენება გადაწყვიტა.
დოკუმენტის მიხედვით, ჯამში 24 მესაკუთრიდან 13-თან სახელმწიფომ ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უკვე მიაღწია შეთანხმებას, ხოლო 5 მესაკუთრესთან შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც მათ მიმართ ექსპროპრიაციის მექანიზმი ამოქმედდება.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალი კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს, "ოცნების" ხელისუფლების მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ არის მიჩნეული. მათივე შეფასებით, ცენტრი ხელს შეუწყობს კულტურულ განვითარებას, რეგიონულ თანამშრომლობას და ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს.
კანონის თანახმად, ექსპროპრიაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. თუ მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი თვის ვადაში.
