logo
ENG



კაია კალასი: ომის გამომწვევი მიზეზები კვლავ გადაუჭრელი რჩება, შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს

08 აპრ 202611:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/ap5um0ehx1mprmj.jpg

აშშ-სა და ირანს შორის დადებულ ორკვირიან ზავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ეხმაურება და მას „უკიდურესი ზღვარიდან უკან გადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებს. კალასის თქმით, ეს შეთანხმება ქმნის „სივრცეს დიპლომატიისთვის მდგრადი შეთანხმების მისაღწევად“, თუმცა აფრთხილებს მხარეებს, რომ „ომის გამომწვევი მიზეზები კვლავ გადაუჭრელი რჩება“.

მოლაპარაკებების შუამავალი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი მხარეებს 10 აპრილს ისლამაბადში იწვევს და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა „მდგრადი მშვიდობის მიღწევაში წარმატებული იქნება“. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ „ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნას“.

„ჰორმუზის სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას. ვესაუბრე პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს და მადლობა გადავუხადე მას ამ საწყისი შეთანხმების უზრუნველყოფისთვის. შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს, რადგან ომის გამომწვევი მიზეზები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და კონტაქტზეა რეგიონში პარტნიორებთან. დღეს ამ საკითხს საუდის არაბეთში განვიხილავ. ვიწვევ მათ დელეგაციებს ისლამაბადში პარასკევს, 2026 წლის 10 აპრილს, ყველა დავის მოსაგვარებლად საბოლოო შეთანხმების მისაღწევად შემდგომი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მიღწევაში წარმატებული იქნება“ - წერს კაია კალასი X-ზე.

აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.


close დახურვა