logo
ENG



ვაშინგტონმა თეირანისგან 10-პუნქტიანი გეგმა მიიღო, ორკვირიანი ზავი დადებულია

08 აპრ 202612:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/z1ztxwi5a25xiz1.png

აშშ-ის მიერ ირანზე დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა ორკვირიანი ზავის საფუძველზე შეჩერებულია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ადმინისტრაციამ თეირანისგან მიიღო „10-პუნქტიანი წინადადება“, რომელიც მოლაპარაკებების დაწყების რეალურ საფუძველს იძლევა. მხარეებს შორის დადებული ორკვირიანი ზავის მთავარი პირობა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნაა, სადაც მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის 20% გადის.

ირანული მხარის მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც BBC-მ და ირანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროვეს, შემდეგ პირობებს მოიცავს:

1. ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში.

 

2. ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა ყოველგვარი ვადის გარეშე.

3. რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება.

4. ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა.

5. ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური პროტოკოლის შემუშავება.

6. ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრული კომპენსაცია.

7. ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმების სრული ვალდებულება.

8. აშშ-ში არსებული ირანული ფონდებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება.

9. ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის ფლობაზე უარის თქმის სრული ვალდებულება.

10. პირობების დამტკიცებისთანავე, ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა ყველა ფრონტზე.

მიუხედავად დიპლომატიური წინსვლისა, ვითარება კვლავ რთულია. ისრაელი მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას, თუმცა აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციებს ლიბანში არ შეწყვეტს. პარალელურად, საერთაშორისო აქტორები - ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკავშირის წარმომადგენელი კაია კალასი - ცდილობენ გამოიყენონ ეს ორკვირიანი პაუზა ტრანსატლანტიკური ერთობის შესანარჩუნებლად და რეგიონული დეესკალაციისთვის. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა ჰორმუზის სრუტის განბლოკვაა, რომელიც პენტაგონის მიერ 28 თებერვალს დაწყებული იერიშების შემდეგ ჩაიკეტა.

ცნობილია მხარეების დელეგაციების შემადგენლობების ნაწილიც. შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი მოჰამად ღალიბაფი გაუძღვება- ამის შესახებ სააგენტო ISNA იუწყება. იქამდე CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.


close დახურვა