logo
ENG



EUA საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმაზე შეშფოთებას გამოთქვამს და შესაძლო იზოლაციაზე მიუთითებს

09 აპრ 202622:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/09/xxs5dnt8ae2wbhz.png

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) საბჭო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადება ეხება როგორც 2025 წლის ბოლოს წარმოდგენილ ეროვნული რეფორმის კონცეფციას, ისე ბოლო თვეებში მიღებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ცვლილებებს, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს.

ასოციაციის შეფასებით, დაგეგმილ ცვლილებებს შესაძლოა ჰქონდეს ღრმა და გრძელვადიანი გავლენა ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და, პოტენციურად, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორის იზოლაცია ევროპული სივრციდან.

EUA ხაზს უსვამს, რომ რეფორმა მასშტაბურია და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: გეოგრაფიულ და დისციპლინურ რეორგანიზაციას, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების სტანდარტიზაციას, სასწავლო გეგმებისა და მასალების გადახედვას, აკადემიური პერსონალის სტატუსისა და ანაზღაურების ცვლილებებს, ასევე სტუდენტთა ადგილების გადანაწილებას შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე და დაფინანსების მოდელის გადახედვას ე.წ. „სახელმწიფო საჭიროებების“ პრინციპით.

მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია აღიარებს სახელმწიფოს როლს განათლების სისტემის მართვასა და რეფორმების ინიციირებაში, იგი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პროცესები უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. EUA-ის განცხადებით, აუცილებელია პროცესში სრულფასოვნად იყვნენ ჩართულნი ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის თავად უნივერსიტეტები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეფორმამ უნდა გაითვალისწინოს გარდამავალი პერიოდები, რაც უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ კორექტირებას. ასოციაციის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებები შორსმიმავალ და ხშირად რთულად პროგნოზირებად შედეგებს იწვევს, რის გამოც საჭიროა მათი განსაკუთრებული სიფრთხილით განხილვა.

EUA ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპაში წარმატებული რეფორმები, როგორც წესი, აძლიერებდა უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას, მრავალფეროვნებასა და ინტერდისციპლინურობას. ამ ფონზე, საქართველოს შემთხვევაში დაგეგმილი დისციპლინური სფეროების შემცირება შესაძლოა უარყოფითად აისახოს უნივერსიტეტების ეფექტიანობაზე, მდგრადობასა და ავტონომიაზე.

ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებად ასოციაცია ე.წ. „რაციონალიზაციის“ ინიციატივას ასახელებს, რომელიც უნივერსიტეტების სპეციალიზებულ დაწესებულებებად გარდაქმნას გულისხმობს, მნიშვნელოვნად შემცირებული აკადემიური პროფილით. EUA-ის შეფასებით, ასეთი მიდგომა ზღუდავს უნივერსიტეტების შესაძლებლობას შეინარჩუნონ მრავალმხრივი აკადემიური გარემო და განავითარონ ინტერდისციპლინური თანამშრომლობა. ამასთან, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ კონცეფცია შესაძლოა დაასუსტოს უნივერსიტეტის სამი ძირითადი მისიის - სწავლების, კვლევისა და საზოგადოებისთვის მომსახურების - შორის კავშირი.

ასოციაცია აღნიშნავს, რომ რეფორმის გავლენა სხვადასხვა უნივერსიტეტზე განსხვავებული იქნება, თუმცა რიგ შემთხვევებში შედეგები შეიძლება იყოს ღრმა და გრძელვადიანი, რაც პირდაპირ იმოქმედებს მათ იდენტობაზე, აკადემიურ პროფილსა და საერთაშორისო რეპუტაციაზე. ამასთან, EUA მიუთითებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ამცირებს ინსტიტუციურ მმართველობასა და სტრატეგიულ ავტონომიას, რაც განსაკუთრებით პრობლემურია თანამედროვე მრავალკომპონენტიანი კრიზისების პირობებში.

განცხადებაში ხაზგასმულია აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის მნიშვნელობაც, როგორც უნივერსიტეტების სრულფასოვანი ფუნქციონირების აუცილებელი წინაპირობა. EUA ასევე მოუწოდებს, რომ საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ უფრო აქტიურად გამოიყენებოდეს ინტერდისციპლინური მიდგომები, რაც ასოციაციის 2030 წლის ხედვაში - „უნივერსიტეტები კედლების გარეშე“ - ერთ-ერთ მთავარ პრინციპად არის განსაზღვრული.

დასასრულს, EUA მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის რეფორმები უნდა განხორციელდეს ფართო კონსულტაციების, საჯარო დისკუსიისა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების პარალელურად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მიზნობრიობა, რეალისტურობა და შესაბამისობა როგორც განათლების სექტორის, ისე საზოგადოების ინტერესებთან.

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს მონაწილეობა საჯარო დებატებში და ჩაერთოს დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან და აკადემიურ საზოგადოებასთან, მათ შორის შედარებითი ანალიზისა და ექსპერტიზის გაზიარების გზით.


close დახურვა