საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი პრაქტიკის ფონზე, ეს საქმე განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა ცუდი განზრახვით და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით თავიდან აიცილა საერთაშორისო ვალდებულებები.
საქართველომ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრული დაცვა.
5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს.
აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
მანამდე, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა დაწერა, რომ აფგან სადიგოვს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
