logo
ENG



მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სასტიკად სცემეს - კაცი კომატოზურ მდგომარეობაშია

12 აპრ 202614:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/ywiwttz6ry29der.png

მარნეულში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს პაციენტის ნახვაზე უარი უთხრა, რადგან კლინიკაში ვიზიტის საათები უკვე ამოწურული იყო.

უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მერის წარმომადგენლის, ინდიკო ხაფთანის ძმა. დაშავებულის ოჯახი სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დამნაშავის მფარველობას ცდილობდა.

„მამაჩემი კომაშია მხოლოდ იმის გამო, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამ დანაშაულს ასე არ დავტოვებთ, ყველა აგებს პასუხს“, — აცხადებს დაშავებულის შვილი, რომლის კომენტარსაც "TV პირველი" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა