უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს. მადიარის თქმით, ეს პროცესი უშუალოდ სამინისტროში მიმდინარეობს, თუმცა კვალის წაშლის მცდელობა ხელისუფლებას ვერ უშველის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ევროპელ დიპლომატებს შორის კონფიდენციალური მოლაპარაკებების დეტალებს - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამის დამადასტურებლად გამოაქვეყნეს ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ლავროვსა და სიიარტოს შორის შედგა.
ამასთან, სიიარტო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს შორის, რომელიც უკრაინაში პუტინის ომის დაწყების შემდეგაც სტუმრობს რუსეთს და ხვდება ლავროვს. სიიარტო ვიქტორ ორბანის მთავრობის იმ ფრთას წარმოადგენს, რომელიც მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. იგი ღიად აკრიტიკებს ევროკავშირის სანქციებს, მათ უნგრეთის ეკონომიკისთვის საზიანოდ მიიჩნევს და პარალელურად რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმებების გაღრმავებაზე მუშაობს.
