შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული წარსულში ნასამართლევია, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი დაჭრა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მეზობელი - 1969 წელს დაბადებული გ.კ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.შ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
