logo
ENG



კომპანია "კულას" მფლობელი, ბიზნესმენი ვანო გოგლიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

15 აპრ 202614:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/15/ir7no666mxxlamz.png

კომპანია „კულას“ მფლობელი და დირექტორი, ივანე გოგლიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს. ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და ის გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგლიძეს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 500 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც პირველ ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა.

ივანე გოგლიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წელს დააკავა. მას ბრალად ედება ძალოვანი სტრუქტურებისთვის (შსს და თავდაცვის სამინისტრო) დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის საშიში თევზის კონსერვების მიწოდება.

გამოძიების ინფორმაციით, 380 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია საკვებად უვარგისი იყო. ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვები გამოირჩეოდა მაღალი ტოქსიკურობით, რის გამოც ზოგ შემთხვევაში კვლევის ჩატარება თავად ექსპერტების ჯანმრთელობისთვისაც კი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.

საუბარია შპს „ბატონოზე“ (რომელიც „კულას“ სავაჭრო ნიშნითაც ოპერირებს). კომპანიამ ტენდერი 2024 წლის ბოლოს მოიგო, მას შემდეგ, რაც კონკურენტმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა