შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო გამოძიება ბოლნისელი აქტივისტის, ნურადინ ნაბიევის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. 15 აპრილს, სოფელ ფარიზში მდებარე ჩაის სახლში, ნაბიევს 9 პირი დაესხა თავს.
ნურადინ ნაბიევი, რომელიც ამჟამად ბოლნისის საავადმყოფოში გადის მკურნალობას, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას იხსენებს, რომ თავდამსხმელები ჩაის სახლში სამუშაო პროცესის დროს შევიდნენ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ვინაობა დაადასტურა, ცხრავე პირი ერთდროულად დაესხა თავს. აქტივისტს თავის არეში მიყენებული ტრავმა და ტუჩზე ხუთი ნაკერი აქვს. ნაბიევი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებს შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.
დაზარალებული მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობასა და კრიტიკულ შეხედულებებს უკავშირებს. ნაბიევი თავდასხმის ორგანიზებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ შორის დეპუტატ ზაურ დარგალსა და ადგილობრივ მერიას ადანაშაულებს.
"9 კაცი შემოვიდა. აღარ მახსოვს მაგათი სახეები. ამ დროს ჩაის სახლში ვმუშაობდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში. სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და რომ ვუთხარი კი მეთქი მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები“. - აცხადებს ნურადინ ნაბიევი
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, 14 აპრილს, ნაბაევმა ვიდეომიმართვა გაავრცელა წამლების დეფიციტსა და მაღალ ფასებზე. დაზარალებულის თქმით, მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება რამდენიმე დღის წინაც განხორციელდა (ვინმე ოთარ ბაირამოვის მხრიდან) მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის შესახებ კრიტიკული კომენტარი დაწერა. აქტივისტი ვარაუდობს, რომ დღევანდელ თავდამსხმელებს შორის ირანის რეჟიმის მხარდამჭერებიც იყვნენ.
ნაბიევი ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიური სამოქალაქო საქმიანობითაა ცნობილი — ის რეგულარულად აშუქებს ადგილობრივ პრობლემებსა და მოსახლეობის საჭიროებებს. პოლიტიკური კუთხით, ის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით მონაწილეობდა.
