logo
ENG



ჭყონია პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე: მოულოდნელია, რომ კიდევ ამ თემაზე გვიწევს საუბარი

16 აპრ 202613:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/16/jv27pi9ajev0623.png

ბიზნესმენი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია ჰორეკა სექტორში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუმართლებელია და ირაკლი კობახიძის პოზიციის იგნორირებას წარმოადგენს. მისი თქმით, მსგავსი რეგულაციების დაწესება პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.

ჭყონია ეხმაურება იმ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება აეკრძალებათ.

"ამასწინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არაჩვეულებრივი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წლით გადავადდა პლასტიკის აკრძალვა, რაც უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას (და არა - შეზღუდვას) ითვალისწინებდა. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით საგრძნობლად გაიზრდა. ჩვენ ახლა ვიწყებდით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ინტენსიურ და პროდუქტიულ პროექტებზე მუშაობას, რისთვისაც დღესაც მზად ვართ. ამასთან, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ამ თემის გარშემო მუშაობს და დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი. მოხდა ისე, რომ ისევ წამოიწია თემამ, რომელიც თავის დროზე აკადემიკოსმა სულიკო პავლიაშვილმა წამოჭრა _ უნდა აიკრძალოს პლასტიკატი „საზოგადოებრივ კვებაში“. ეს სახელიც ჩემთვის ძველი, ნოსტალგიური კომუნისტური სისტემის გადმონაშთია, ადრე ამას „ობშეპიტი“ ერქვა. ამ თემის ხელახლა წამოწევა ამ ადამიანის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია. პლასტიკის ბოთლები გამოიყენება ზღვისპირა რესტორნებში, საზოგადოებრივი შეკრების ობიექტებში, ტურიზმში, სპორტში და ა.შ. პლასტიკის შექმნა გათვლილი იყო ადამიანის მოხმარების სხვადასხვა ჩვევებზე და ის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. ქუჩაში შუშის ბოთლის მოხმარება გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, ამასთან, ივლისიდან ზაფხულის ცხელი პერიოდი იწყება და თუ გადახედავთ, ბევრ ქვეყანაში გაყიდვების შეზღუდვის რეგულაციებიც კი მოხსნილია, ძლიერი სიცხეები სადაცაა, ქალაქის მერებიც კი აცხადებენ, რაც შეიძლება მეტი წყალი გაიყიდოს ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) თავიდან ასაცილებლად. ამ გახურებული სიცხეების პერიოდში, ივლისში, რაღაც დეპარტამენტები ისევ შეზღუდვებს აწესებენ. წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, იზრდება აკრძალვები. ჩვენ სხვა რაღაცასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გარემოს დაცვასთან, ეკონომიკასთან და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან. ამით ადამიანს უფლებებსა და არჩევანს ვუზღუდავთ, მეორეც, არის სხვადასხვა ფასების სეგმენტები: იაფფასიანი, საშუალო და პრემიალური კლასის პროდუქცია. ჩვენმა ბიზნესმა არაჩვეულებრივად იცის, რა სეგმენტში რა ღირებულების, რა შეფუთვის, რა ზომის პროდუქცია უნდა გამოუშვას, პირველ რიგში, ადამიანის ჩვევები, მოხმარების გაადვილება, ფასებზე ხელმისაწვდომობა რომ გაითვალისწინოს. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება. ამის რეგულირების უფლება არავის აქვს, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა. მინის ტარის მოხმარება აუზებში, ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან, სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას - თავისი წესი და ადგილი. ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე. ბიზნესი არის მეცნიერება და ეს ამათ მაინც ვერ გავაგებინე, ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა, ვერ შეიგნეს, რომ ბიზნესი გაცილებით პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება მარკეტინგს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ჩვენ ხომ ამაზე ვშრომობთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამ ინვესტიციას. ზოგიერთები კი გვეუბნებიან, თქვენ რა ინვსტიციებსაც აკეთებთ, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცითო. პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, პრემიერის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. ეს ახირება მგონია, სხვა არაფერი", - აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, ნარჩენების მართვის მიმართულებით მთავარი საკითხი გადამუშავების განვითარებაა:

"მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია ნარჩენების შეგროვება. ყველაზე იოლი გზა პეტის შეგროვებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ _ შევდივართ ობიექტებში, ვაგროვებთ ტონობით პლასტიკის ბოთლებს და გამოგვაქვს. ვემზადებით უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ის სწორი, პრაგმატული ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელიც მთელ მსოფლიოშია, ასევე, შევინარჩუნოთ უდიდესი პროფესიონალები. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გარემოს დაცვა, ამას ვერავინ გვასწავლის, ჩვენში გარემოს დაცვის თემა უფრო ძლიერადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია - 10 წელიწადია უამრავი პროექტი გვაქვს გაკეთებული, ამიტომ ვართ ასეთი გაბედულები და ამაყები. ჩვენ გადამუშავების ახალ ინდუსტრიას შევქმნით იმიტომ, რომ პეტს - პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები (მინიმუმ 5 ქარხნის აშენება შეიძლება), ჩვენ ამისთვის ინტენსიურად ვემზადებით. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და მოგვცემენ საშუალებას, ახალი ინდუსტრია შევქმნათ, ვიდრე ძველი დავანგრიოთ, ამისთვის ჯერ კიდევ გვაქვს დრო. იმედი მაქვს, ეს კონსულტაციები ნაყოფიერი იქნება - მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასარგებლო და ოპტიმალური იქნება სახელმწიფოსთვის, მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის. მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ", - აცხადებს თემურ ჭყონია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების მიხედვით, 2026 წლის 1 აპრილიდან უკვე აკრძალულია პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების - ჩანგლების, დანების, კოვზების, თეფშების, საწრუპებისა და გაფართოებული პოლისტიროლის კონტეინერების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

ამასთან, 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები - საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ როგორც ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერებით საკვების მიწოდება, ისე სასმელების პლასტმასის ბოთლებით შეთავაზება მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას, ირაკლი კობახიძეის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად 2031 წლის 1 თებერვლამდე გადაიდო.


close დახურვა