რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება და მასზე ეკონომიკური ზომები გავრცელდება.
როგორც მარია ზახაროვა აცხადებს, ასეთ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს საქართველოსთვის იმავე საპასუხო ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა, რაც უკვე მოქმედებს სხვა „არამეგობრული“ ქვეყნების მიმართ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ქართულ ექსპორტზე - მათ შორის მინერალურ წყალზე, ღვინოსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე, რომლებიც რუსულ ბაზარზე იყიდება.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, მისი შეფასებით, საქართველოსთვის სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობასა და ანტირუსული სანქციების მხარდაჭერას ნიშნავს, რაც დამატებით ეკონომიკურ და ტურისტულ შეზღუდვებს გამოიწვევს.
