logo
ENG



პაპუაშვილი: ბრიუსელის ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია

17 აპრ 202612:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/17/pfril898zapfvar.png

ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.

„შეხვედრები როდესაც გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გვქონოდა უშუალო კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ, ორმხრივ კომუნიკაციას აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა. არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსივე თქმით, აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ყველამ აღნიშნა, რა კრიზისს განიცდიან დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო.

„მათ უწევთ ენერგიის დაზოგვის მიზნით სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ნავთობის მიწოდება შეზღუდულია, მათ შორის, დისტანციური მუშაობა და ა.შ. ჩანს, როგორ ახდენს ერთ რეგიონში წარმოშობილი კონფლიქტი გავლენას სხვა რეგიონებზე. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ვხედავთ, რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის. უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, თუ ის კრიზისი, რასაც ახლო აღმოსავლეთში ვაკვირდებით, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებისთვის ეს არის ლამის ეკონომიკური კოლაფსის წინაპირობა, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ეკონომიკური ზრდის კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სწორი მიდგომა.

ამასთან, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობაც. შეხვედრები მქონდა აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ასევე დაგეგმილი მაქვს შეხვედრა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენი რეგიონის და ოთხივე სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა განაპირობებს, რომ მიუხედავად კრიზისებისა, რეგიონში არის მშვიდობა და სტაბილურობა. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონში ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


close დახურვა