ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურა.
ასევე, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის გაგრძელების გამო, ჰორმუზის სრუტეზე კვლავ "მკაცრი კონტროლი" დაწესდა.
"ვიდრე აშშ ირანული გემებისთვის ნავიგაციის თავისუფლებას სრულად არ აღადგენს, ჰორმუზის სრუტეში ვითარება მკაცრი კონტროლის ქვეშ დარჩება", - ნათქვამია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა ისრაელ-ლიბანის ზავის პერიოდში ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობა დადო, ამერიკა ბლოკადას აგრძელებდა. ირანმა კი დაიმუქრა, რომ თუ ბლოკადა არ მოიხსნებოდა, სტრატეგიულ სრუტეს კვლავ სრულად ჩაკეტავდა.
ცნობისთვის, ამერიკა-ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების მეორე შეხვედრა წყაროების მიხედვით, ორშაბათს, 20 აპრილს პაკისტანში გაიმართება.
