logo
ENG



სპეცოპერაცია კიევში - ლიკვიდირებულია თავდამსხმელი, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა

18 აპრ 202620:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/18/m25h11wbza8pjm5.png

კიევში, გოლოსეევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ დაადასტურა, რომ კაცი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „კორდის“ (КОРД) მიერ მაღაზიის შტურმის დროს იქნა მოკლული.

ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათგან 4 პირი თავდამსხმელმა ქუჩაში, საცხოვრებელი კორპუსიდან მაღაზიისკენ გადაადგილებისას მოკლა, ხოლო 1 მძევალი მაღაზიაში.

დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის ზუსტდება. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 10 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია მინიმუმ 7 დაჭრილის შესახებ, რომელთა შორის ერთ-ერთი ბავშვია, მისი მდგომარეობა მძიმეა.

თავდამსხმელმა მაღაზიაში მყოფები მძევლად აიყვანა. სამართალდამცველები თავდაპირველად მასთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თუმცა კაცმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც შტურმის ბრძანება გაიცა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ (УП) გაარკვია თავდამსხმელის ვინაობა. ის არის დმიტრი ვასილჩენკოვი (დაბადებული 1968 წელს). ცნობილია, რომ ის მოსკოვში დაიბადა, თუმცა უკრაინის მოქალაქე იყო. წარსულში ცხოვრობდა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ბოლო პერიოდში კი კიევში, გოლოსეევის რაიონში იმყოფებოდა.

 


close დახურვა